top of page
Mickey_Mouse_Disney_1.png
F2-12654_edited_edited.png
MargeSimpson.png

პროპაგანდა

თანამედროვე ჰიბრიდული ომის ეპოქაში ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები არა კონვენციური ომით, არამედ საინფორმაციო ველზე უპირისპირდებიან ერთმანეთს და ამ გზით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. ფაქტობრივად, საინფორმაციო ველზე დომინაცია ნიშნავს სამიზნე სახელმწიფოსა თუ ჯგუფში დესტრუქციის, არეულობის, გაურკვევლობისა და პოლარიზაციის შეტანას, რაც თავისთავად უწყობს ხელს მისი სახელმწიფოებრიობის რღვევას. მიიჩნევა, რომ ჰიბრიდული ომი ცივი ომის პირდაპირი ნაყოფია და სწორედ ორ, კაპიტალისტურ და სოციალისტურ პოლუსებს შორის დაპირისპირებისას გამოვლინდა ის თავისი ყველა მახასიათებლით.

Contact

დღეს ჰიბრიდულ ომში ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია ითვლება. ის ფაქტობრივად ყველა შესაძლო გზით ცდილობს მიაღწიოს თავის პრაგმატულ მიზანს და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ბრძოლის მეთოდებით დაპირისპირებას მის მარადიულ მტერთან, ლიბერალურ რეჟიმთან. რუსეთის ფედერაციას ინფორმაციული ომი ზუსტად განსაზღვრული, ჩამოყალიბებული, ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მიმართული და დეტალიზებული აქვს.

Thumbnail_logo_SMF_edited.png

რუსული ჰიბრიდული ომი გამოიხატება კიბერშეტევებით, სამიზნე ჯგუფში მცდარი ნარატივების გავრცელებით, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების პოლარიზაციას და შეცდომაში შეყვანას, რელიგიური თუ სხვა ტიპის სენტიმენტების გაღვივებას და კონსოლიდაციას ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გარშემო. საინტერესოა, რომ რუსული ჰიბრიდული ომი მიმართულია ყველა ტიპის ასაკობრივი სეგმენტისადმი, თუმცა ამავდროულად ზუსტად არჩევს ნარატივს და ნარატივის გავრცელების ფორმას სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე.


რუსული ჰიბრიდული ომი სათავეს იღებს საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც ცივი ომის დროს მტრის ხატად აქცია ამერიკის შეერთებული შტატები. განსხვავებით სსრკ-სგან მისი სამართალმემკვიდრე საინფორმაციო ომში ღიად უპირისპირდება არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ზოგადად კაპიტალისტურ სისტემას და ლიბერალურ წესრიგს. წარმოაჩენს მას როგორც ბინძურს, მორალური ღირებულებებისგან დაცლილს და თავისუფალს და სხვა სახელმწიფოების წამქეზებელს, რათა მათაც სიმდიდრესა და ქონებაზე გაცვალონ ყველაფერი.

ეს ნარატივები გვხვდება არამხოლოდ საინფორმაციო ველზე, სოციალურ ქსელებსა თუ მედია პორტალებზე, არამედ ისეთ პროდუქტებშიც კი, რომელშიც ნაკლებად ვეძებთ ნაგულისხმევ მნიშვნელობებს, ასეთია მაგალითად მულტიპლიკაციური ფილმები, რისი მრავალფეროვნებითაც ნამდვილად გამოირჩეოდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.

 

სტატიაში მოკლედ აღგიწერთ იმ ძირითად ნარატივებს, რასაც მულტფილმების მეშვეობით ავრცელებდა საბჭოთა კავშირი. ხოლო დასკვნების გამოტანას, იცვლება თუ არა რუსეთის ამჟამინდელი ჰიბრიდული სტრატეგია, მკითხველს მოგანდობთ.

artworks-lzuxpJEemptoyaCb-mkWZyw-t500x50

ნარატივი 1

კაპიტალისტურ წესრიგში ფული განაპირობებს ძალაუფლებას, ხოლო ძალაუფლება ადამიანს ყველანაირი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას

 

1963 საბჭოთა კავშირის სამთავრობო სააგენტო Союзмультфи́льм-ის მიერ გავრცელებულ მულტფილმში, სახელწოდებით „ამერიკელი იმპერიალისტი: მილიონერი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ძაღლი ხდება, რომელსაც მულტფილმის დასაწყისში სკამიდან ისვრიან, დასასრულს კი რევერანსებით ესალმებიან და კონგრესმენადაც კი ირჩევენ.

 

ძაღლი აქ სიმბოლური ფიგურაა, ვინაიდან ძაღლს რაზეც ასწავლიან იყეფეო, იმაზე ყეფს, საბჭოთა აზროვნებით კი ამერიკული ფინანსური ელიტაც ზედმიწევნით ასრულებს ზემდგომების მითითებებს. გარდა ამისა, ამერიკაში განადიდებენ მას, ვისაც ფული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში შეიძლება მასაც ძაღლივით ექცეოდნენ.

სიუჟეტის მიხედვით ძაღლს მილიონერი პატრონი ყავს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ანდერძით დატოვებული ქონების მესაკუთრე სრულად ბულდოგი ხდება. პატრონის დაკრძალვაზე ანდერძის გამოცხადებას მოუთმენლად ელოდება ათობით ადამიანი, ყველა მათგანს კი პირადი გამორჩენის ინტერესი აქვს, რაც კიდევ უფრო მეტად ნათელს ხდის საბჭოთა ნარატივს, რომ კაპიტალისტურ სისტემაში ადამიანები მხოლოდ ფულზე ზრუნავენ და მათთვის ნათესაური კავშირებიც კი არაფერს ნიშნავს.

მილიონერი ბულდოგის სამსახურში დგება მთელი კოლონა ადამიანებისა, რომლებიც წამის სიზუსტით უსრულებენ მას ყველა მოთხოვნას. მულტფილმის რამდენიმე ეპიზოდში აშკარად შევამჩნევთ ალეგორიას კარლ მარქსის ნააზრევთან, რომლის მიხედვითაც კაპიტალისტურ სამყაროში ერთი ან რამდენიმე ადამიანი მოიპოვებს ფულსა და ძალაუფლებას და მას უდგას სამსახურში სოციუმის უზარმაზარი ფენა, სოციალისტურ სამყაროში კი ყველა თანასწორია და ამიტომაც, სოციალიზმმა დროულად უნდა შეაჩეროს კაპიტალიზმის წინსვლა.

Annotation 2022-08-14 223020_edited.jpg
Annotation 2022-08-14 222016_edited.jpg

რაც ყველაზე მთავარი და ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის მარტივად გასააზრებელია არის ფაქტი, რომ გამილიონერებული ძაღლი ზურგს აქცევს საკუთარ მეგობრებს, სხვა ძაღლებს, რომლებიც წვეულებაზე მიაკითხავენ ძველ მეგობარს. ანალოგიური სიუჟეტი ვითარდება 2022 წლის 4 მარტს რუსული ანიმაციური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მულტფილმში, სადაც ამერიკის დამეგობრებით თავბრუდახვეული უკრაინა უარს ამბობს ძველ მეგობრებთან, კონკრეტულად კი რუსეთთან კონტაქტზე , დასცინის და შეურაცხყოფს მას.

რაც ყველაზე მთავარი და ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის მარტივად გასააზრებელია არის ფაქტი, რომ გამილიონერებული ძაღლი ზურგს აქცევს საკუთარ მეგობრებს, სხვა ძაღლებს, რომლებიც წვეულებაზე მიაკითხავენ ძველ მეგობარს. ანალოგიური სიუჟეტი ვითარდება 2022 წლის 4 მარტს რუსული ანიმაციური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მულტფილმში, სადაც ამერიკის დამეგობრებით თავბრუდახვეული უკრაინა უარს ამბობს ძველ მეგობრებთან, კონკრეტულად კი რუსეთთან კონტაქტზე , დასცინის და შეურაცხყოფს მას.


"დღეს რუსეთი კვლავ უბრუნდება საბჭოთა ტაქტიკას, მანკიერად წარმოაჩინოს ყველაფერი დასავლური"

ნარატივი 2

სოციალიზმზე დაფუძნებული საბჭოთა ეკონომიკა მსოფლიოს ყველაზე მზარდი და ძლიერი ეკონომიკაა

მიუხედავად დასავლური ნარატივისა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა ეკონომიკა სრულად ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას და კოლაფსის პირას იყო, საბჭოთა კავშირი მუდმივად ამტკიცებდა რომ ხუთწლიანი გეგმა ყოველ ჯერზე სრულდებოდა.

 

1939 წელს გამოშვებულ საბჭოთა მულტფილმში, სახელწოდებით "წინ ნათელი მომავლისკენ: გამარჯვების დანიშნულება" სულ რაღაც 6 წუთშია გადმოცემული საბჭოთა კავშირის ეკონომიკის სიდიადე, ურბანული და ინდუსტრიული აღმშენებლობა და ბოლშევიკური პარტიის ღვაწლი, თუ როგორ აქცია საბჭოთა კავშირი აგრარული მიწიდან ინდუსტრიალურ ქვეყანამდე.

მულტფილმში საინტერესოა ეპიზოდი, როცა გლეხი "გამოფხიზლდება", წინ გადაუდგება ტრაქტორს, როგორც აღმშენებლობისა და ინდუსტრიული რევოლუციის სიმბოლოს, ტრაქტორი კი გზიდან მოისვრის და ზედ გადაუვლის გლეხს. რამდენიმე წამის შემდეგ მულტფილმში ასევე სიამაყითაა აღნიშნული, რომ ე.წ. კულაკები აღარ არსებობს და ქვეყანა განვითარებისა და წინსვლის გზას ადგას.

 

მულტფილმი ამერიკელი კაპიტალისტების მრგვალი მაგიდის სცენით იწყება, სადაც ე.წ. "პიაწილეტკა" უტოპიადაა მოხსენიებული და ქილიკის ობიექტია, სიუჟეტის მთელი დანარჩენი ნაწილი კი იმის მტკიცებას ეთმობა, რომ ქილიკის ღირსები თვითონ ამერიკელი კაპიტალისტები არიან და მანამ, სანამ ისინი სსრკ-ს დასცინიან, სოციალისტური ეკონომიკა ტრიუმფს აღწევს.

ნარატივი 3

დასავლეთი ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას და ავრცელებს მცდარ ნარატივებს სოციალისტური სამყაროს შესახებ

 

1967 წელს ვიაჩესლავ კოტონოჩკინმა გადაიღო მულტფილმი, სახელწოდებით "კაპიტალისტური ზვიგენები: წინასწარმეტყველებები და გაკვეთილები", სადაც აჩვენა კაპიტალისტური სამყაროს მისწრაფება, დაეპატრონოს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ საბჭოთა კავშირში შემავალ სახელმწიფოებს და მისი სრული კრახი ამ გეგმის განხორციელებისას.

 

საბჭოთა ნარატივის მიხედვით მეორე მსოფლიო ომმა სიმშვიდე დაურღვია კაპიტალისტურ სამყაროს და ფულის ტომრებზე შემომჯდარი ბელადი აიძულა, შემოსავლის ახალი წყაროებით დაინტერესებულიყო, რაც საკმაოდ მრავლად იყო სსრკ-ის ტერიტორიაზე. თუმცა, ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კაპიტალისტი ჩინოსნები ანტი საბჭოთა ლაშქრობიდან ხელმოცარულები დაბრუნდნენ, სოციალისტური მუშათა პარტიის ლოკომოტივის ჯადოსნური ურო სინათლის სისწრაფით აშენებდა საბჭოთა ეკონომიკას, რის წინაშეც უძლური აღმოჩნდა როგორც ამერიკა, ისე გერმანია.

 

საბჭოთა კავშირისა და თანამედროვე რუსეთისთვის დამახასიათებელია ცილისწამება, იმის დაბრალება, რასაც თვითონ იყენებს ბრძოლის იარაღად. ეს მოვლენაა აღწერილი მულტფილმშიც. ინფორმატორი ჩიტი კაპიტალისტებს ურიგებს ბარათებს, სადაც ვკითხულობთ შემდეგ გზავნილებს:

THE SOVIET ECONOMY IS FALLING INTO TOTAL CHAOS!

THE SOVIET ECONOMY WON’T EVEN LAST A MONTH!

THE 5-YEAR PLAN IS UTOPIA!

ნიშანდობლივია, რომ უკან დაბრუნებული დასახიჩრებული კაპიტალისტები ამ გზავნილების წაკითხვის შემდეგ ხელახლა ივსებიან ბრძოლის ჟინით, რაც ნარატივის ძალას უსვამს ხაზს. ფაქტობრივად, სსრკ წარმოაჩენს ამერიკას, როგორც ინფორმაციული ვაკუუმის შემქმნელს, მაგრამ რეალურად ინფორმაციული და ნებისმიერი სხვა ტიპის ვაკუუმი თუ ჩაკეტილობა მხოლოდ საბჭოთა სივრცისთვის იყო დამახასიათებელი.

სოციალისტური ურო მულტფილმში დამოკლეს მახვილადაა წარმოჩენილი. ის მუდმივი საფრთხეა დასავლეთისთვის, მაგრამ ამავდროულად, მაშინ, როცა დასავლეთი ბრძოლაზე და სხვის დამარცხებაზეა ორიენტირებული, ის თითქოს განუწყვეტლივ აშენებს საკუთარ ქვეყანას და ცრუ წინასწარმეტყველებები სათითაოდ ემსხვრევა დანარჩენ მსოფლიოს. საბჭოთა კავშირი მულტფილმის მიხედვით უძლეველი ძალაა, რომელიც ამ სასტიკ პირობებშიც კი აღწევს თავის მიზნებს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც კოსმოსური სივრცის ათვისებაა. სპუტნიკი საბჭოთა წარმატებების გვირგვინად იქცევა, რითიც დღემდე ამაყობს მისი სამართალმემკვიდრე.

სამწუხაროდ, პროპაგანდის გავრცელების ეს მანკიერი მეთოდები არც დღეს შეცვლილა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ გავრცელებულ მულტფილმში ლიბერალური სამყაროს მთავარი საყრდენი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისევ მცდარი ღირებულებებისა და ამორალურობის გამავრცელებელ სახელმწიფოდაა წარმოჩენილი, უკანონო აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფო უკრაინა კი - დამნაშავედ. მულტფილმის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, 12 მარტს, უკრაინის მხარემაც გაავრცელა საპასუხო ანიმაცია და რუსეთის, როგორც აგრესორის, რეალური სახე აჩვენა. უკრაინის მიერ გავრცელებულ მულტფილმში მთავარი აქცენტი უკრაინის პოლიტიკური კურსის არჩევანზე კეთდება და აგრესორის თავდასხმის მიზეზადაც მოძმე სახელმწიფოს ევროპული კურსი სახელდება.

 

საბედნიეროდ, უკრაინელები ანიმაციურ ომში მარტონი არ აღმოჩნდნენ და 2022 წლის 22 მარტს რუსი წარმოშობის ანიმატორმა თავისი მულტფილმების სერიის, სახელწოდებით Masyanya, ერთ-ერთ ეპიზოდში - Wakizashi ასევე ამხილა ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური ზრახვები. 29 მარტს ოლეგ კუვაევის ვებ-საიტი მასობრივი კიბერ თავდასხმის ობიექტი გახდა, თავდასხმიდან მალევე კი რუსეთის მედია რეგულაციის სააგენტო Roskomnadzor-მა ანიმაციის შემქმნელს აღნიშნული ეპიზოდის წაშლა მოთხოვა. სააგენტომ მიზეზად რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დასაცავად მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა, რაც საზოგადოების ფართო მასებზე ახდენდა გავლენას. ასევე, ანიმაციის შემქმნელს ბრალი დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში.

 

ნათელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საბჭოთა პრაქტიკას, ცდილობს ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციოს საკუთარი მოსახლეობა და საზოგადოების ყველა ასაკობრივ სეგმენტზე მოახდინოს ინფორმაციული ზეგავლენა. მულტფილმებში ჩადებული ინვესტიცია ამ მხრივ ნამდვილად ამართლებს, ვინაიდან ის, რის მიღმაც ნაგულისხმევ მნიშვნელობებს ნაკლებად ვეძებთ, ყველაზე მარტივად მისაღები და რთულად დავიწყებადია.

bottom of page